ევროკავშირი, უვიზო რეჟიმი და რუსეთის მანევრები საქართველოში

23 ნოემბერი 2015 Shadow

წყაროები: civil.ge  , radiotavisufleba.ge

რუსეთმა ახლახან გამოთქვა მზადყოფნა გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოლოდინშია. რუსეთს კარგად აქვს გააზრებული, თუ რას წარმოადგენს ხალხის თავისუფალი მიმოსვლა რბილი ძალის კუთხით.

2008 წლის „აგვისტოს ომის“ შემდეგ, საქართველომ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დაკეტა საელჩო და „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას“ (დსთ) მიმართა წევრობის გაუქმების მოთხოვნით. დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის გამო, შეფერხდა ასევე საკონსულო საქმიანობა და გაუქმდა უვიზო მიმოსვლები სახელმწიფოებს შორის. 2010 წლიდან, საქართველომ ცალმხრივად აამოქმედა უვიზო რეჟიმი ჯერ ჩრდილო კავკასიის რეგიონებში მცხოვრები და შემდეგ მთლიანად რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან არ ყოფილა მსგავსი ქმედება და მხოლოდ ახლა გამოიჩინა რუსეთმა მზაობა, როდესაც საქართველო უახლოვდება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას.  

იმ შემთხვევაში თუ ყველანაირ გარემო-პირობებს დავივიწყებთ, რუსეთის ეს გადაწყვეტილება შეიძლება ავხსნათ, როგორც სრული შემთხვევითობა და კრემლის სურვილი გამოიჩინოს კეთილი ნება ქართველი ხალხისადმი, იმის შემდეგ, რაც მათ წაართვეს ქვეყნის 20%, დაუწესეს ემბარგო ღვინოსა და მინერალურ წყლებზე და იმის შემდეგ, რაც არაადამიანურ პირობებში გამოდევნეს ასობით ქართველი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთში. 

რუსეთის უკანასკნელი მანევრის შედარებით უფრო რეალისტური ინტერპრეტაცია რბილი ძალის „ფრონტზე“, რუსული პროპაგანდისა და რუსეთის მიერ პოლიტიკური და სოციალურ ორგანიზაციების დაფინანსებასთან ერთად, იქნებოდა რუსეთის მცდელობა, არ დაკარგოს რუსულად მოლაპარაკე ადამიანები, ან ის ადამიანები, რომლებიც ნოსტალგიურად არიან განწყობილი საბჭოთა პერიოდის მიმართ. სწორედ კრემლში მომუშავე ადამიანებმა იციან, თუ რას ნიშნავს შეგეძლოს ევროპაში მიმოსვლა, რადგან ხშირად მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით შვილები, ცხოვრობენ და სწავლობენ ევროპულ ქალაქებში, როგორიცაა - ლონდონი, ბერლინი და ამსტერდამი. იმ მიზნით, რომ პრო-რუსული სენტიმენტების შენარჩუნება შეძლოს, რუსეთი მზადაა გახსნას საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, სუფთა პოლიტიკური ამოცანების გათვალისწინებით.  

 გაღრმავებული თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის

ევროკავშირმა და საქართველომ გაახშირეს ურთიერთობების გაღრმავების მცდელობები სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებით ასოცირების  ხელშეკრულების ფორმატში, რომელიც შეიცავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ამჟამად, ასოცირების ხელშეკრულება გადის რატიფიკაციის პროცეს. ამასობაში, საქართველო 15 დეკემბრისთვის მოელის ევროკომისიის დასკვნას, უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო რეფორმების და ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ. აქამდე, მხოლოდ პოზიტიური სიგნალები გახმაურდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან და იმ შემთხვევაში თუ დასკვნა დადებით იქნება, მაშინ საქართველომ შესაძლოა მოიპოვოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან უკვე 2016 წელს.

რუსული მანევრები საქართველოში

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ერთ-ერთი მოქმედი დიპლომატიური არხი, ჟენევის მოლაპარაკებებთან ერთად, არის შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძიესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის.  ეს ფორმატი იქნა დაარსებული ჰუმანიტარული, კულტურული და ეკონომიკური საკითხების განსახილველად, მაშინ, როდესაც ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს სახელმწიფოებს შორის. ამ დიალოგის შედეგია, რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული ღვინის და სხვა პროდუქციისთვის. 19 ნოემბერს პრაღაში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება გამარტივებული რუსეთის ვიზების მიღება. ამ ქმედებას არ შეიძლება შევხედოთ, როგორც ცალკეულ მოვლენას, არამედ, უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოსთან მიმართებაში გრძელვადიანი რუსული სტრატეგიის ერთ-ერთი მანევრი.  

ჯაშუშების სკანდალი - ფსბ-ს აგენტების დაკავება

2006 წლის სექტემბერში საქართველოში დააკავეს ოთხი რუსი გენერალი ჯაშუშობის ბრალდებით, იმ საქართველოს მოქალაქეების ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ. დაკავებული გენერლები მსახურობდნენ იმ დროს არსებულ რუსულ ბაზებზე და იღებდნენ ინფორმაციას საქართველოს უშიშროების, უსაფრთხოების და სხვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოაცხადა ამინისტია იმ ადამიანებისთვის ვინც 2006 წლის 1 მაისამდე აწვდიდა ინფორმაციას რუსეთის აგენტებს, თუ ისინი ითანამშრომლებდნენ საქართველოს მთავრობასთან. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გამოამჟღავნებდნენ საკუთარ თავს ისინი კანონის ფარგლებში მკაცრად დაისჯებოდნენ. ამ პირობამ გამოიღო შედეგი და ჯაშუშებმა არამხოლოდ საკუთარი თავი გამოავლინეს არამედ მათი ინფორმაციის დამკვეთებიც.

საქართველოს მოქალაქეების იძულებითი დეპორტაცია რუსეთიდან

ქართულ პროდუქტებზე რუსულ ემბარგოს, ეთნიკურ ნიადაგზე კონფრონტაციის გაღვივებას, ომების წარმოებას, ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასა და საქართველოს შესავიწროებლად უსაფუძვლო არგუმენტების და ყველა ხერხის გამოყენებასთან ერთად, რუსეთმა კიდევ ერთხელ უღალატა ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, როდესაც აღკვეთა თავისუფალი მიმოსვლა. ჯაშუშების სკანდალზე საპასუხოდ, რუსეთმა დაიწყო მის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის დეპორტაცია. რუსეთმა უკანონოდ და არაადამიანურ პირობებში გამოასახლა ორი ათასზე მეტი ქართველი მოქალაქე იძულებით. ეს პროცესი ისეთ არაადამიანურ პირობებში განხორციელდა, რომ დაიღუპა ორი ადამიანი გულის შეტევით და ასთმით.  ეს ქმედება უმნიშვნელოვანესია, დღესაც, როდესაც გვესმის რუსეთის მზაობის შესახებ, რომ გაამარტივოს ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველომ უჩივლა რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. დამატებით, სასამართლომ განსაზღვრა 12 თვიანი პერიოდი, რომლის ფარგლებში მხარეებმა უნდა მიაღწიონ გარიგებას სამართლიან კომპენსაციასთან დაკავშირებით. საქართველომ წარმოადგინა წინადადება, რომლითაც რუსეთს დაეკისრება 70.3 მილიონი ევროს გადახდა. რუსეთმა წარმოადგინა თუ არა საკუთარი ხედვა კომპენსაციასთან დაკავშირებით გაურკვეველია და სწორედ ამიტომ არ არის ჯერ მიღებული საბოლო გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ კომპენსაციასთან დაკავშირებით. 

ვიზები vs. ვიზები

რუსეთმა გამოთქვა მზაობა ვიზების გაცემის გამარტივებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იძულებით გამოდევნა რუსეთის ფედერაციიდან უმძიმეს პირობებში. ამასთან ერთად, ეს ხდება იმ დროს, როდესაც საქართველო მოელის უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონის ქვეყნებთან. რუსეთის ამ მანევრს რეალისტურად თუ განვიხილავთ, მაშინ აშკარად ჩანს რუსეთის მცდელობა, შეეჯიბროს და კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირს საქართველოს მოქალაქეების გულის მოსაგებად, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ თავიანთი ქვეყნის ბედი მათ ხელშია დემოკრატიული პროცესების და გარდაქმნების შემდეგ, რომლებიც რუსეთში დღესაც სანატრელია.  მართალია, საქართველოს პოლიტიკოსებმა არ უნდა უგულებელყონ ასეთი მანევრები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის მიერ მტკიცედ არჩეულ ევროპული ინტეგრაციის გზას, რომელიც ბუნებრივი და ისტორიული გაგრძელებაა ჩვენი წინაპრებისა და სახელმწიფო მოღვაწეების მიერ დამკვიდრებული პოლიტიკური ორიენტირის, მაშინ საქართველოს გარდაუვალი საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, რუსული პროპაგანდა და ფული, რომელიც შემოედინება საქართველოში მედიისა და რამდენიმე ორგანიზაციის მეშვეობით, უნდა იქნეს გაკონტროლებული და უნდა მოხდეს რეაგირება კანონისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით. საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული და უნდა იღებდეს საკმარის „ევროპას“, რათა გააცნობიერონ, რომ მათ მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.